ამერიკის ხმა


მუსკომედიის წარმატებული გასტროლები აშშ-ში

 

            დავით დოიაშვილის რეჟისურით დადგმულ "გაყრას" ფილადელფიის შემდეგ ნიუ იორკის ტრაიბეკას კულტურის ცენტრშიც ოვაციებით შეხვდნენ       

      შეერთებულ შტატებში გასტროლები გამართა  თბილისის სახელმწიფო  მუსიკისა და დრამის თეატრმა. გიორგი ერისთავის „გაყრა“ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თანამედროვე ელემენტებით შეაზავა და მუს კომედიად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის პრემიერა თბილისში პირველად 2007 წელს გაიმართა, ის დღემდე აქტუალურია და ანშლაგით მიმდინარეობს. დიდი მოწონება დაიმსახურა სპექტაკლმა ფილადელფიაში და ნიუ იორკში, სადაც მუსკომედია ტრაიბეკას კულტურის ცენტრში გაიმართა.  თეატრის შეერთებულ შტატებში გასტროლების იდეა ნიუ იორკის ქართულ სათვისტომოს ეკუთვნის. როგორი გამოხმაურება მოჰყვა სპექტაკლს ემიგრანტების მხრიდან და კიდევ რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ნიუ იორკიდან თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

პოლიტიკაც, სიყვარულიც, უსიყვარულობაც, ღალატი, სოციალური მდგომარეობა, გაყრამდე მისული დრამა, რომელიც ისევ ქორწინებით სრულდება. „ვიდრე ცოცხლები ვართ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“, სპექტაკლი ამ ფრაზით სრულდება და თითქოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიძულვილით განწყობილ ადამიანებს, რომ ერთმანეთის სიყვარული შეძლონ. გიორგი ერისთავის „გაყრით“ ქართული თეატრის  ისტორია დაიწყო. ეს პიესა არაერთმა ქართულმა თეატრმა დადგა. დავით დოიაშვილის რეჟისურით ინტერპრეტირებული „გაყრა“ მიმდინარე ქართული სინამდვილის ასახვაა. სპექტაკლში, სადაც ნახსენებია  მთიანი ყარაბაღის პრობლემა, საქართველოდან წასული ემიგრაცია, ანგარების მიზნით ქორწინების თემა, სიყვარული, რომელიც ყველას აკლია. „გაყრის“  წარმოდგენა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის სხვა სპექტაკლებს შორის  ნიო იორკის ქართულმა სათვისტომომ სპეციალურად შეარჩია.  დასის გასტროლებს მხარდაჭერა კულტურის სამინისტროდანაც ჰქონდა. ამის შესახებ სათვისტომოს ხელმძღვანელი ნიკა ჩხეიძე საუბრობს:

რომ რამდენიმე თვეა, რაც  მუსკომედიის თეატრის ჩამოყვანაზე ვმუშაობდი. შერჩეულ იქნა თბილისში საკმაოდ ცნობილი წარმოდგენა „გაყრა“ გიორგი ერისთავის და ნოემბერში უკვე მიღებული იყო თანხმობა  საკონსულოდან  და მთელი დასი წარმოდგენილია დღეს სრული შემადგენლობით.

დასის წევრებს,  თბილისის დროიდან ამერიკის დროზე გადმოწყობა, როგორც თავად ამბობდნენ ცოტათი გაუჭირდათ, თუმცა შოუს ეს არ ეტყობოდა.

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი ამბობს, როდესაც სპექტაკლის თამაში უწევთ, მაგ დროს ფიზიოლოგიურად, ორგანიზმი  დავიძინებას თხოვს, თბილისის დროით ღამე არის და ამიტომ. " სხვა დანარჩენ შემთხვევაში ერთმანეთს ვამხნევებთ და ამის გამო, პრობლემა მგონი არ შეგვექმნება და ვეცდებით, რომ კარგად შევასრულოთ და არ გავუცრუოთ ქართველ მაყურებელს იმედი.", ამბობს მსახიობი.

ფილადელფიაშიც და ნიუ იორკშიც, მანჰეტენზე  ტრაიბეკას კულტურის ცენტრში გამართულ წარმოდგენას ემოციების და ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. „გაყრამ“ პირველად იმოგზაურა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მუს-კომედიის თეატრის რეჟისორისთვის, დავით დოიაშვილისთვის და სპექტაკლში მონაწილე თითოეული მსახიობისთვის ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სპექტაკლის გარდა, ქართველი ემიგრანტები მსახიობებს ამერიკაში ცხოვრებაზე გაესაუბრნენ.

რეჟისორი დავით დოიაშვილისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ფინალში, როდესაც კიოდა დარბაზი, აქეთ მხარეს არტისტები იდგნენ და ფარდა  რომ დაიხურა, ისეთი შეგრძნება იყო, რომ  კიდევ ერთხელ საზღვარი დაიხურა:" ისინი სხვაგან დარჩნენ, ესენი სხვაგან. შემდეგ ძალიან ემოციური მილოცვები, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე", ამბობს რეჟისორი.

 ემოციებს ვერ მალავდა მსახიობი ცისია მეტრეველიც: ქართველები ოვაციებით, ცრემლებით და ემოციებით შეგხვდნენ. და იყო კითხვები, კიდევ ხომ ჩამოხვალთ. რახან ათ წლიანი ვიზები გვირტყია ყველას, დიდი ალბათობაა კიდევ ჩამოვიდეთ სხვა სპექტაკლით.

ნინო გომართელი დიასპორასთან ურთიერთობის შემდეგ გაკვირვებული დარჩა: ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ ყველამ ერთხმად თქვა რომ არ გვინდა დაბრუნება საქართველოში. მე ალბათ აქ უნდა ვიცხოვრო, რომ გავიგო ასე რატომ ხდება. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ პირადად ვერ შევძლებდი.

იუმორით, სარკაზმით და ქართული სიმღერებით შეზავებულმა პიესამ ქართველ ემიგრანტებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ორმოქმედებიანი პიესა მუსიკალურად რუსა მორჩილაძემ გააფორმა, ქორეოგრაფია კოტე სურგულაძეს ეკუთვნის: "ქართული ბუნებისთვის ძალიან ახლოა ეს სპექტაკლიც და პიესაც. ქართულ მოტივებზეა. არაჩვეულებრივი მუსიკა. .  ხალხი სასწაულად შეგვხდა, მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში მსგავსი დახვედრა  არ გვქონია.  ის რაც აქ ქართველობამ გააკეთა...არ ვიცი ყველა ვტიროდით გუშინ", განაცხადა კოტე სურგულაძემ.

თბილისის სახელმწიფო მუს კომედიის თეატრის მსახიობები, როგორც ამბობენ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს დროებით დაემშვიდობნენ.  სავარაუდოდ, მარტში ისინი უკან „მაკბეტით“  დაბრუნდებიან. ნიუ იორკის ქართული სათვისტომო კი თბილისში  „ნიუ იორკის ფესტივალის“ ჩატარებას გეგმავს. მეგაპოლისის ურბანული კულტურის გაცნობის მიზნით საქართველოში ნიუ იორკის ის შემსრულებლები ჩავლენ, რომლებიც მუსიკას ყოველთვის ცოცხლად ასრულებენ.

Facebook