მზევინარ ხუციშვილი

მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება!

ადგილი: თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი;

სპექტაკლი: ”ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის” მიხედვით – ”წერილები ღმერთს";

პიესის ავტორი: ცნობილი თანამედროვე მწერალი ერიკ ემანუელ შმიტი;

ქართული ტექსტის ავტორი - გია ჯოხაძე;

რეჟისორი: მამუკა ტყემალაძე;

სცენოგრაფი, კოსტუმებისა და მულტპერსონაჟების მხატვარი - ნინო თათარაშვილი;

ანიმაცია - სტუდია ”ოპიო”;

მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კინწურაშვილი, სხვა პერსონაჟები სპექტაკლში ანიმაციის საშუალებით არიან წარმოდგენილი.

სპექტაკლი ”წერილები ღმერთს”

სპექტაკლში ლეიკემიით დაავადებული 10 წლის ბიჭუნას ამბავია გადმოცემული, რომელიც წერილებს ღმერთს სწერს და საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება. წერილების წერას კი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექთანი, ანუ ვარდისფერი უნიფორმით შემოსილი ქალბატონი, დააწყებინეს, რომლის წყალობითაც პატარა ოსკარი სიცოცხლის უკანასკნელ თორმეტ დღეში ბედნიერად ცხოვრებას სწავლობს. ვარდისფერი ”დედიკო”, საკუთარი ავადმყოფობის მიუხედავად, ოსკარს დარჩენილ ცხოვრებას უხალისებს, ულამაზებს, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე ეს ბიჭუნას ბიოლოგიურმა მშობლებმა შეძლეს, რწმენას ასწავლის - ”მე მივხვდი, რომ სადღაც ახლო-მახლო იყავი და მაზიარე შენს საიდუმლოს: ყოველ ცისმარე დღეს ისე შეხედე სამყაროს, თითქოს პირველად უცქერდე. მე ყურად ვიღე შენი რჩევა და მცდელობა არ დამიკლია”... სიკვდილამდე სასთუმალთან დატოვებულ აბრაზე ვკითხულობთ: ”მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება!!!”... და სიკვდილის მნიშვნელობაზე დააფიქრებს. ”შენ მიხვდი, რომ მოკვდები, ოსკარ. იმიტომ, რომ გონიერი ბიჭი ხარ. მაგრამ ის ვერ გაგიგია, შენ გარდა სხვებიც რომ კვდებიან.”

სპექტაკლის სიუჟეტი, რა თქმა უნდა, მძიმე და ტრაგიკულია, ყოველი ეპიზოდი მეხსიერებაში რჩება და ადამიანების წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ, დიდი ხანია, დაგვავიწყდა, რა არის სიყვარული, სიკეთე, რწმენა, თანაგრძნობა და სევდა გიჩნდება. თუმცა რეჟისორი ტრაგიკულ ისტორიას ხშირად ამსუბუქებს და დაძაბულ მაყურებელსაც რწმენა და ოპტიმიზმი უჩნდება.

ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კინწურაშვილი ორი თაობის, ორი არაჩვეულებრივი მსახიობი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათ ქართული თეატრის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობური ტანდემი შექმნეს. ნინელი ჭანკვეტაძე სრულიად ახალ - კლოუნის ამპლუაში ვიხილეთ, რაც მოულოდნელი და სასიამოვნო გარდასხვა აღმოჩნდა. კახა კინწურაშვილი პირადად მე პირველად ამირან ამირანაშვილის სპექტაკლ ”ჰამლეტში” ვნახე და მაშინ ჩემთან ერთად ბევრმა აღიარა, რომ კახა ნიჭიერი მსახიობი და ქართული თეატრის დიდი აღმოჩენაა. ამ შემთხვევაშიც მსახიობი კარგად ახერხებს, ერთდროულად იყოს მიამიტი ბავშვიც და დიდი მოაზროვნეც.

P.S. სპექტაკლის შემდეგ მოეწყო განხილვა თეატრმცოდნეების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით.


მზევინარ ხუციშვილი
21-02-2012

http://7days.ge/index2.php?newsid=18877

Facebook