მზევინარ ხუციშვილი

ფსიქოზი, სამედიცინო სიყალბე, სიყვარული და სუიციდი

 

ალბათ, ყველა ვყოფილვართ დეპრესიაში ამა თუ იმ ფორმით და ინტენსივობით.ზოგი მძიმე ქრონიკული დეპრესიით იტანჯება, ზოგს კი უმნიშვნელო დეპრესიული რეაქციები ახასიათებს, გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესით. სალვადორ დალისთვის რომ გეკითხათ, რამდენად გაწონასწორებული იყო, გიპასუხებდათ, განსხვავება ჩემსა და ფსიქიკურად დაავადებულებს შორის ისაა, რომ მე არ მიწოდებენ ფსიქიკურად დაავადებულს. თუმცა, ეს არც შეღავათია და არც გამოსავალი, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში,საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალურ-სტრესული აშლილობების, ფსიქოსომატური დარღვევების მაჩვენებელი. საკმაოდ გავრცელებულია ნევროზული და დეპრესიული მდგომარეობა, რაც ფსიქიკურ პათოლოგიათა შორის ყველაზე ხშირი, საკმაოდ გავრცელებული პრობლემა და შეიძლება ითქვას, XXI საუკუნის სენია. 


ეს თემა, ახალაგაზრდა რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში კიდევ ერთხელ შეგვახსენა სპექტაკლით ”ფსიქოზი 4;48”, რომელიც ცნობილი თანამედროვე დრამატურგის სარა კეინის პიესის მიხედვით დადგა. რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჭავჭავაძე; დამდგმელი მხატვარი – ნინო კიტია; თარგმანი – თამუნა ჯაფარიძე; მუსიკალური გაფორმება – გიორგი აფხაზავა; მსახიობები – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მარი კიტია და რუსკა მაყაშვილი.

"ფსიქოზი 4:48" – სარა კეინის უკანასკნელი პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი კი გაორება იყო. პიესაში იგი საკუთარ თავს ესაუბრება: ”ნეტავ, ვიცოდე, რა აზრი აქვს აზრის მოკრებას, თუკი გონებას უსაშველო ბზარი გაუჩნდა...” დრამატურგი ადამიანებს ისეთ განცდებსა და ემოციებზე ესაუბრება, რომლებზეც ადამიანთა უმრავლესობა არ საუბრობს. ამიტომ, არის, ალბათ, მისი შემოქმედება ბევრისთვის ახლობელი და მისაღები. ესაუბრება, როგორც ამბობენ, მოგონილ სატრფოს - მკურნალი ექიმის სახით, რომელიც ვერ იპოვა - ”სიკვდილშიც ვერ შევძელი შენგან თავის დახსნა...” თუმცა, აქვე ჩანს ექიმებისადმი უნდობლობაც, რადგან, რეალურად ხომ ფსიქოთერაპია დაახლოებით იმავე რაოდენობის ადამიანებს შველის, რამდენსაც ანტიდეპრესანტები: ”ექიმები, რომლებიც გარეკილ პაციენტებს გვანან, თუ საპირისპიროს ვერ გიმტკიცებენ...” ”ვერც ვერაფერი გაიგეს და არც უცდიათ გაეგოთ...” და ღმერთს, რომელმაც ზურგი აქცია. ტექსტში გამოყენებულია სარას პიესებზე დაწერილი რეცენზიების ფრაგმენტებიც. 

სუიციდის შემთხვევები ყველაზე ხშირად სწორედ დეპრესიის, მარტოობისა და უნდობლობის აუტანელი სიმსუბუქის ფონზე აღირიცხება. ”ზუსტად 4:48 – ზე ძილს მივეცემი...” პიესაც დრამატურგმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა, როცა ჯერ კიდევ არსებობდა იმედიც და სიყვარულიც - ”სულაც არ მინდა მე სიკვდილი, ჯერ არასდროს მომიკლავს თავი აქამდე...”, ”მიყვარხართ...”, ”გთხოვთ დააფასოთ, დაინახოთ და შეიყვაროთ...”

P.S. სარა კეინის შემოქმედების საავტორო უფლებას ბრიტანული კომპანია "CASAROTTO RAMSAY & ASSOCS" იცავს. ლიცენზიის ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა, პიესის ლიტერატურული სტილისტიკის დაცვა და მასში გამოყენებული ყველა უცენზურო სიტყვისა და გამონათქვამის შენარჩუნება.

 მზევინარ ხუციშვილი

22-02-2012

http://www.facebook.com/messages/100001171838068

 

 

 

Facebook