დავით ბუხრიკიძე

 აჩრდილები,  თაყვანისცემლები  და  ცეცხლისწამკიდებლები

 

……...... კლასიკური ტექსტის მოთვინიერება-გამჟღავნების ყველაზე წარმატებული მცდელობა დავით დოიაშვილს ჰქონდა. მის მიერ დადგმული “მაკბეტი” მუსიკისა და დრამის თეატრში ჩვენი აზრით, გასული თეატრალური სეზონის ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცა. პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და უცხოელ სპეციალისტთა და კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო. სხვათა შორის “მაკბეტი” უკვე მიწვეულია რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მათ შორის, თელ-ავივში, მიუნხენსა და ლონდონში. 

     სიმართლე ვთქვათ, ახალგაზრდა რეჟისორის ფანტაზია ბოლო წლებში “მსახვრალმა” შოუ-ბიზნესმა იმსხვერპლა, რაც მის თეატრალურ შემოქმდებაზეც აისახა. ფარჩა-ატლასებით გაწყობილი საესტრადო სანახაობების შემდეგ რამდენიმე მიუზიკლი დადგა, მათ შორის “გაყრა”, რომელიც ღია ცის ქვეშ, მუსიკისა და დრამის თეატრის ეზოში გათამაშდა და სახალისო შთაბეჭდილება დატოვა. და აი, შექსპირის ყველაზე მოკლე და ყველაზე სისხლიანი პიესა, რომელიც დოიაშვილის ვერსიით გაცილებით ახლოა ჰაერისა და წყლის სტიქიებთან, ვიდრე დანაშაულებებით და სისხლით გაპოხილ მიწიერ საწყისთან და სახელისუფლებო ვნებებთან.

     თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შექსპირის პიესის ახალი, შესანიშნავი თარგმანი, რომელიც მანანა ანთაძემ განახორციელა. ახალი ტექსტი ბალანსირებს კლასიკურ და თანამედროვე სამეტყველო ნორმებს შორის ისე, რომ არც ზედმეტად არქაულია და არც ზედმეტად გათანამედროვებული. რაც ისეთი დრამატურგის აღქმისთვის თითქოს ფათერაკებით აღსავსე ტყეში მსუბუქი თავგადასავალისა თუ აღმოჩენების მიზეზი ხდება. სცენოგრაფია თავად რეჟისორს  ეკუთვნის, რაც მნიშვნელოვანია სცენური კოორდინატების ათვისებისა და დინამიკის თვალსაზრისით.

     ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სივრცეში გათამაშებული სცენების მონაცვლეობა-გადაკვეთა სპექტაკლს ჰაეროვნებას და სიმსუბუქეს სძენს, ხოლო კლასიკურ ფრაკებში გამოწყობილი კუდიანების (ანა ალექსიშვილი, ნანა ბუთხუზი, არჩილ სოლოღაშვილი) მუდმივი “ფარფატი” სრულ კონტრასტს ქმნის სისხლითა და ირონიით “გაპოხილ” ტექსტთან. ახოვანი ბენკო (იმედა არაბული) და დათრგუნული მაკბეტი (თორნიკე გოგრიჭიანი) თითქოს პირდაპირ მიწისქვეშეთიდან ამოძვრებიან სცენურ ფიცარნაგზე, რომელთაც შტანგეტებზე შემომსხდარი კუდიანები ყვავებივით დასტრიალებენ. ისინი მუდმივად მოქმედების ეპიცენტრში არიან, ფუსფუსებენ და მახეს უგებენ ძალაუფლებით მოჯადოებულ და ძალაუფლებას დახარბებულ ადამიანებს. და ადამიანებიც მონდომებით ილტვიან მისკენ. როგორც ამოუხსნელი და ირაციონალური გამოცანისკენ.

     მუსიკალური ირონიით შთაგონებული კუდიანები და მკითხაობის მუსიკალური სცენები მოულოდნელად ერითმება საკონცერტო შოუ-ნომერივით დადგმულ ლედი მაკბეთის (ნანკა კალატოზიშვილი) წერილის სცენას. მახვილგონივრულ რეპრიზებს საცეკვაო ნომრები ცვლის (ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე), ავადმყოფი დანკანის (ალექსანდრე ბეგალიშვილი) სიკვდილის შთამბეჭდავ სცენას კი მალკოლმის და დონალბეინის ახირებულ-ბავშვური ოინბაზობანი (ტატო ჩახუნაშვილი და გიორგი მოძმანაშვილი). ამასობაში ერთ-ერთი კუდიანი (ნანა ბუთხუზი) თვალსა ახელს შორის ლედი მაკდაფად გადაიქცევა და თოჯინასთან (ვაჟიშვილთან) ერთად თვინიერად მიიღებს უსამართლო სიკვდილს – “საით გავიქცე? ანდა რატომ, რა დავაშავე?’’ უნდა აღინიშნოს, რომ ნანა ბუთხუზი ბრწყინვალეა ორივე როლში.

     ახალგაზრდა მაკბეტი – თორნიკე გოგრიჭიანი მომხიბვლელია ოდნავ დამღლელი რეფლექსით და ფსიქოლოგიურად ზუსტი ნიუანსებით. ეს საბედისწერო, შავ-თეთრი, მაგრამ ელვარე და გრაფიკული თეატრალური თამაში ძალაუფლებასთან სპექტაკლის ბოლომდე გასტანს, ვიდრე ბირნამის პატარა, თითქოს საახალწლოდ მორთულ-მოციმციმე ტყე მაკბეტისკენ არ დაიძვრება; ვიდრე ამოყირავებული სცენა ფინალში მაკბეტისა და ლედი მაკბეტის სხეულებს ჰაერში მძინარე ბავშვივით თუ თოჯინებივით არ შეათამაშებს... და მრისხანე ძალაუფლების აჩრდილები კუდიანების მიერ შესრულებული დამცინავი ვალსით არ შეიცვლება.

   ,,ბნელში ნათელია, ნათელში ბნელა” – კუდიანების ეს ცნობილი ფრაზა რეფრენად იქცევა მთელი სპექტაკლისათვის, რომელიც ჩვენი აზრით, გასული თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარია...

 დავით ბუხრიკიძე

Facebook