ანი ყაზაიშვილი

"კარმენი" - დრამატული სპექტაკლი უსიტყვოდ

 

აღფრთოვანებისა და სიამოვნების მსგავსი შეგრძნება ქართულ სპექტაკლზე ძალიან იშვიათია. შეგრძნება, რომელიც შენთან დიდი ხნით რჩება, სიამოვნება, რომელიც არ მთავრდება. ამდენი ემოცია ერთად, ალბათ, არასდროს ყოფილა.
პირველი, რაც სპექტაკლის დასრულების დროს ვიგრძენი, ის იყო, რომ გული დამწყდა, არ მეთმობოდა. როდესაც ამდენი ბედნიერი სახე დავინახე, ტაში და ოვაცია მომესმა, მივხვდი, რომ ეს შეგრძნება მხოლოდ მე არ დამეუფლა და რომ სპექტაკლი შედგა.

ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ კულისებში გვითხრა - "ეს არ იყო უბრალოდ სპექტაკლი, ეს იყო დრამატული სპექტაკლი უსიტყვოდ", ეს სიტყვებით გადმოცემული ის ემოციაა, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანში იმ წუთებში იბადებოდა.
11-კაციანმა შემადგენლობამ მუსკომედიის თეატრის სცენაზე ნამდვილი საოცრება მოახდინა. სიტყვები ნამდვილად ზედმეტი იყო, მაყურებლისთვის ისედაც ყველაფერი გასაგები ხდებოდა. ყველა ჩართული იყო, ყველა განიცდიდა. როდესაც კულმინაციური მომენტის დროს ერთ-ერთი მსახიობის თვალზე მომდგარი ცრემლი შევნიშნე, მივხვდი, რამ განაპირობა სპექტაკლის ასეთი ტრიუმფი.
წარმოდგენა დასრულდა, მუსკომედიის თეატრიდან გამოსულს კი არა და არ მტოვებდა სურვილი, რომ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ახლა სპექტაკლს უკვე ლონდონელი მაყურებელი ნახავს და დარწმუნებული ვარ, აღიარებენ, რომ ქართვერლებს ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ...
კოტე ფურცელაძე (სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფი): "ძალიან კარგი განწყობა მაქვს, გახარებული ვარ. მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ალბათ, ისეთი იყო როგორსაც მოველოდი. სამი თვე ვმუშაობდით და მგონია, რომ გამოვიდა".
ანი ალექსიშვილი (მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი): "ისეთი შეგრძნება მაქვს, ვერ აღვწერ. რაც სექტორი გამაჩნია ყველა აღგზნებულია და ყველაფერს უხარია. ძალიან ბევრი ვიშრომე და ვიწვალე და მგონია, რომ რაღაცას მივაღწიე. ეს როლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყო, რადგან მგონია, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. როცა პირველად გავიგე, რომ ეს როლი უნდა მეთამაშა, ცოტა გაუგებარი იყო, რადგან ცოტა სხვანაირი ტიპი ვარ. მუშაობის პროცესი ძალიან მსიამოვნებდა. ამ როლისთვის თმაც შევიღებე".
აჩიკო სოლოღაშვილი (მსახიობი): "ეს ის შემთხვევაა, როდესაც თვალებით და სხეულით უნდა თქვა სათქმელი. ალბათ, რაღაც პროცენტი იყო მოლოდინი, რომ სპექტაკლი ასეთი წარმატებული იქნებოდა, რადგან დიდი შრომა ჩაიდო და ვეცადეთ ყველანი, რომ ეს არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც სხვა დანარჩენი. რთული იყო ამ ყველაფერზე მუშაობა, რადგან ეტლით არასდროს მიცეკვია. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ მე ვეცადე, რომ ეს ბარიერი გადამელახა. ლონდონში ველოდები, რომ უფრო დიდ ეფექტს მოვახდენთ".
ბაჩო ჩაჩიბაია (მსახიობი): "ჩემი აზრით, ეხლა რა მდგომარეობაშიც ვარ, არის ის მდგომარეობა, როდესაც ნარკომანი ნარკოტიკს იღებს და სიამოვნებას განიცდის. ჯერ არ ვიცი, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ვარ ძალიან, ძალიან ბედნიერი. როგორც იქნა, მაყურებელმა ტაში დაუკრა, სპექტაკლი შედგა. ბოლო დღეებში იმედი მქონდა, რომ წარმატებული იქნებოდა, თუმცა არ ვიტყვი, რომ ველოდებოდი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას აპლოდისმენტებისთვის".
რუსუდან ბოლქვაძე (მსახიობი): "ძალიან კარგი სპექტაკლია, მაღალი დონის თეატრალური სანახაობა. ძალიან მომეწონა, ვულოცავ მთლიანად თეატრს, კოტეს, მსახიობებს. არაჩვეულებრივები იყვნენ ყველანი. მე, როგორც მსახიობს, მომეწონა ის, რომ ეს არ იყო უბრალოდ სპექტაკლი, ეს იყო დრამატული სპექტაკლი უსიტყვოდ. თუმცა იყო ძალიან მეტყველი, არაჩვეულებრივი პლასტიკით. ვისურვებდი, რომ ამაზე დაბალი დონის სპექტაკლი არ გვქონოდეს საქართველოში არც ერთ თეატრში".
ნიკოლოზ რაჭველი : "პირველად დამემართა, რომ ვიჯექი სპექტაკლზე და საშინლად განვიცდიდი, რომ არ ვდირიჟორობდი ცოცხლად. თავდაპირველად ასეც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ჩვენი განრიგები ემთხვეოდა და სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წარმოდგენა ჩანაწერზე წავიდა. ისეთი კმაყოფილი ვარ, აღტაცებული კოტეთი, ანანოთი და მთელი მსახიობებით, რომ საშინელი გრძნობა მაქვს იმისი, რომ ამ წარმატების თანამონაწილე არ ვიყავი. ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც არა მხოლოდ მაყურებლის, ავტორების მოლოდინსაც გადააჭარბა".
მარინა ბერიძე: "ძალიან დიდი ხანია, ემოციით ასეთი დატვირთული არ ვყოფილვარ სპექტაკლზე. პირველ რიგში, ეს არის არაჩვეულებრივი გემოვნებით და პროფესიონალიზმით გამოტენილი სპექტაკლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ კოტე ფურცელაძეს და ამ თეატრს ასეთ დიდ გამარჯვებას, რადგან მე ასეთი "პერფორმანსი" ძალიან დიდი ხანია არ მინახავს".

ანი ყაზაიშვილი

 http://primetimenews.ge/?page=10&news_id=12673

Facebook