სალომე მოდებაძე

სოფოკლეს ანტიგონე და Blue Valentines მუსკომედიის სცენაზე

 

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სოფოკლეს „ანტიგონეს“ პრემიერამ თეატრმცოდნეთა შორის აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია. პაატა ციკოლიასეული ანტიკური ტრაგედია თანამედროვე მელოდრამად იქცა, რომ მაყურებელი საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქროს. 

ღვიძლ ძმათა შორის ერთი დიდი პატივით დაკრძალეს, მეორეს კი, მოღალატედ შერაცხულს, საფლავიც არ აღირსეს და ძაღლთა საჯიჯგნად გაწირეს მისი „ცოდვილი“ სხეული. 

მშვენიერი ანტიგონე მზად არის მეფის მკაცრ ბრძანებას წინ აღუდგეს, საყვარელი ძმა მიწას საკუთარი ხელებით მიაბაროს და არც სასიკვდილო განაჩენს გაექცეს იმის მიუხედავად, რომ მეფე მისი დედის ძმაა, თავად კი მეფის ვაჟზეა დანიშნული.

სპექტაკლის რეჟისორი საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა. ყურადღებით მოისმინა და მიიღო თეატრმცოდნეთა კრიტიკა, აღიარა კიდეც, რომ სპექტაკლს დინამიკა აკლდა, მას კი - რეჟისორული სიმკაცრე. 

თუმცა სოფოკლეს ტექსტი იმდენად ამომწურავია, რომ, სცენური მოქმედება ვერ გადაწონის სიტყვების სიღრმეს. უნებლიედ საკუთარ თავში ღრმად იხედები და ფიქრობ, მართლაც „წინ მიიწევს ადამიანი, და მის ამ წინსვლას ძნელად თუ რამე შეაჩერებს სიკვდილის გარდა.“

ხვდები რომ „უგუნურება ყველაზე დიდი ბოროტებაა,“ გონიერება ყველაზე დიდი სიმდიდრე თუმცა „გონიერი ადამიანის“ ყველა ნაბიჯი ხშირად სხვის ბედსაც განსაზღვრავს და მის ნებისმიერ ახირებას შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვეს.

სამეფო ტახტზე „ბრმად“ დასმული მეფე ტირან მმართველად ყალიბდება, არავის ინდობს, მაგრამ როდესაც მისთვის ყველაზე ძვირფასს ემუქრება საფრთხე, ცდილობს დაშვებული შეცდომები საკუთარი ხელით გამოასწოროს, მაგრამ.....

 

გიზო ჟორდანიასა და  რობერტ სტურუას მოწაფეს სოფოკლეს ტექსტისთვის „არ უღალატია,“ თუმცა, მუსკომედიაში მისულს დღევანდელობის შეგრძნება დამრჩა.

ჰგავს სოფოკლეს ანტიკურ გმირებს თანამედროვე ადამიანი.

ერთ-ერთი თეატრმცოდნის აზრით, სცენაზე გადმოტანილი ყველა ანტიკური პიესა სწორედ თანამედროვე ცხოვრების „მაჯისცემას“ უნდა გრძნობდეს.

ცოცხლად შესრულებული Blue Valentines, „განწმენდის“ რიტუალი სცენის შუაგულში და სოფოკლეს „ეროსის“ სადიდებელიც იმ ერთი „მექანიზმის“ ნაწილია, ციკოლიამ რომ მუსკომედიაში დაქოქა. რეჟისორმა თქვა თავისი სათქმელი, ახლა მაყურებლის დროა ანტიგონეს გამოუტანოს „განაჩენი.“

 http://newscafe.ge/ge/portal/features/494/

 

Facebook