მზევინარ ხუციშვილი

რა  გვითხრა რეჟისორმა?

ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა, პაატა ციკოლიამ, სოფოკლეს „ანტიგონე“ დადგა. ტრადიციისამებრ პრემიერის შემდეგ თეატრთმცოდნეები და ჟურნალისტები, რომლებიც თეატრზე წერენ, სპექტაკლს განიხილავენ. რეჟისორთან ყველას ერთი კითხვა ჰქონდა: რა გვითხარით ამ სპექტაკლით?

ყველამ იცის ისტორია ანტიგონესი, რომელიც თავის ადამიანურ, ზნეობრივ ვალდებულებას ეწირება, რადგან საკუთარი ძმის ცხედარს კრძალავს, რომელიც თებეს მონარქმა - გრეონტიმ - მოღალატედ შერაცხა, მისი დატირება და დაკრძალვა კი ყველას აუკრძალა. ანტიგონემ უარყო ავანტიურისტი მმართველის კანონები, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ზნეობრივი ნორმები, მთავარია შეაჩეროს ის, ვინც წინ აღუდგება. 


„სახელმწიფო რეალურად არის ზნეობის გამოხატულება. სახელმწიფო იქმნება იმისთვის, რომ ადამიანების ღირსება დაცული იყოს. სახელმწიფო არ უნდა იყოს მოძალადე.“ – ამბობს რეჟისორი.

ძველბერძნული პიესა, რომელიც ნებისმიერ ეპოქასა და საუკუნეში აქტუალურია, ყოველთვის ინარჩუნებს მნიშვნელობას და ყველა ადამიანს თავისებურად აღქმის შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი სოფოკლეს ტექსტს მთლიანად იცავს, მასში რამდენიმე თანამედროვე ელემენტიც არის შეტანილი. როგორც თავად რეჟისორმა აგვიხსნა, მას იმ ამბის დროსა და სივრცეში გადმოტანა ეწადა, რომელიც ყველაზე მეტად აფიქრებდა.

სიყვარული, სიძულვილი, დანაშაული, პოლიტიკა, სიმდაბლე და ორგულობა, უსამართლობა, შენიღბული ყალბი ბედნიერება, ძალადობა და ბოროტება, პირველობისთვის ბრძოლა, სულიერი ტკივილი, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, თრგუნავს, ანგრევს ადამიანების გონებას და გრძნობებს... ეს არის ამბავი ანტიგონეს შესახებ. 


„ამ პიესაში ბევრი დაპირისპირებაა. მასში მკვეთრად არის გადმოცემული კონფლიქტი ახალგაზრდა და ძველ თაობებს, ქალებსა და მამაკაცებს, დებს, მშობლებსა და შვილებს შორის. სახეზეა დაპირისპირება ისეთ ფასეულობებს შორის, როგორიც არის ადამიანი, ინდივიდი, თავისუფლება, წესრიგი, კანონიერება და სამართლიანობა. რთულია გადაწყვიტო, რა არის სამართლიანი და რა უსამართლო. ბოლოს კი ყველა ისჯება. ისჯებიან იმიტომ, რომ ერთმანეთის ვერ გაიგეს.“ – ამბობს პაატა ციკოლია.

სპექტაკლის მთავარი ლაიტმოტივი კი ასე ჟღერს: „მე დავიბადე, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს...“

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პაატა ციკოლია; ადაპტირებული ტექსტის ავტორი - დავით გაბუნია; მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე; კომპოზიტორი - არჩილ გიორგობიანი; განათების მხატვარი - ია ნადირაშვილი; ხმის რეჟისორი - ემზარ ბეგიაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ანა წერეთელი, ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ლევან კახელი, ანდრო ბარათაშვილი, ეკა დემეტრაძე, გიორგი ვარდოსანიძე, დევი ბიბილეიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ანა ნიკოლაიშვილი. ტექსტში გამოყენებულია გ. ხომერიკის, ფ. ზელინსკის, ს. შერვინსკის, პ. პოზნიაკოვის, . გაჩეჩილაძის, ფ. სტორის და სხვათა თარგმანები.

მზევინარ ხუციშვილი

27-02-2013

http://7days.ge/index2.php?newsid=21024

Facebook