მზევინარ ხუციშვილი

დავით დოიაშვილი: „რისკი დიდი იყო, მაგრამ ამად ღირდა...“

 უილიამ შექსპირის (შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი – ირონიული ზღაპარი ადამიანურ ბედნიერებაზე, რომელიც ხიბლავს ყველას, რეალობისა და ფანტასტიკის, სერიოზულისა და სასაცილოს, ლირიკისა და იუმორის შერწყმით.

ზაფხულის ერთი ღამე, სულები გადმოდიან საფლავებიდან და ოინებს უმართავენ ადამიანებს. ორმოქმედებიანი სპექტაკლი ვიზუალური ხერხების საშუალებით და ტექნიკური სიახლეებით არის გათანამედროვებული. სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეოინსტალაციები და დოის გადაწყვეტილებით, იგი შოპენის მუსიკით არის გაფორმებული.

თარგმანი – ვახტან ჭელიძისა; რეჟისურა და სცენოგრაფია – დავით დოიაშვილი; ადაპტირებული ტექსტის ავტორი – მანანა ანთაძე; კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი; ვიდეოპროექცია – სტუდია „ზებრა“; ანიმაციური ვიდეო – სტუდია – „ოპიო“. მონაწილეობენ მსახიოებები: კახა კინწურაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ანა წერეთელი, ანა ალექსიშვილი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე, ტატო ჩახუნაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ნატა ბერეჟიანი, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი.

პიესა

ამ პიესის დადგმა ყოველთვის მინდოდა. იცით, მე ბედმა გამიღიმა და მიშა თუმანიშვილის მოწაფე ვიყავი. სწორედ ჩემი სტუდენტობის დროს დგამდა იგი „ზაფხულის ღამის სიზმარს“. მაშინ ჩვენ, მისმა სტუდენტებმა ფაქტიურად ორი წელი ვიცხოვრეთ ამ პიესასთან ერთად. ამიტომ შეიძლება სამი ფაქტორი გამოვყოთ: პირველი ის, რომ ძალიან მომწონს, მეორე – ამ პიესაში ძალიან მნიშვნელოვანია დასის არსებობა. ამიტომ, თუ გრძნობ, რომ შენს დასს შესაძლებლობა აქვს, დაძლიოს ბარიერები, შეუძლიათ ჟანრში თავისუფლად სრიალი, მაშინ უნდა დადგა იგი. მესამე – მეც დამიგროვდა სათქმელი. ის რეალობა, რომელშიც დღესდღეობით ვარსებობთ, მგონია, რომ ბუნდოვან სიზმარს გავს


რატომ კომედია...

ისტორიულად რომ გავყვეთ, ზაფხულის ღამის სიზმარს დიდი ისტორია აქვს. ინგლისში მაგალითად, მას საერთოდ არ თვლიან კომედიად. პირიქით, ყველაზე უფრო შავ კომედიას უწოდებენ. როგორც ვარაუდოებენ, თავიდან პიესა ერთ–ერთი ქვრივის ქორწილისთვის დაიწერა, რომელიც შავი მაგიით იყო დაინტერესებული და სპეციალური შეკვეთა მისცა შექსპირს, საქორწინოდ პიესა დაეწერა, სადაც ასეთი სულები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამიტომ იგი იდგმებოდა, სისასტიკის თეატრის ელემენტებით. მაგალითად, ფერია ეს ჩვენთვის არის ფერია, თორემ იმდროინდლი ფერიის შეგეშინდებათ. შემდეგ უკვე ნელ–ნელა მიდის ცვალებოდა ამ პიესასთან დაკავშირებით და უკვე იდგმება ფერიული კომედია. 70–იანელებში პიტერ ბრუკმა ჩემი აზრით აბსოლუტურად ამოაყირავა ყველაფერი და სხვა სიმაღლეზე აიყვანა. გააჩნია ვის რა სათქმელი აქვს.

მსახიობები

მსახიობებთან დაკავშირებით ერთი უცნაური თვისება მაქვს, რაღაცეები შემიძლია ადვილად გავრისკო. არ ვიცი, ეს ჩემი ხასიათვის თვისებაა თუ უბრალოდ გამოცდილება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვეკუთვნი იმ რეჟისორების რიცხვს, რომელიც არტისტებს ენდობა. ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, რადგან ოთხივე წყვილი, რომელიც ამ სპექტაკლში თამაშობს სტუდენტები არიან და ასეთი დიდი განაცხადები ჯერ არ გაუკეთებიათ. ეს სერიოზულ რისკთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ შექსპირია, დიდი როლია, შეძლებენ თუ არა ძალების გადანაწილებას... რა თქმა უნდა, როდესაც ლაპარაკია კახა კინწურაშვილზე, ბუბა გოგორიშვილზე, აჩიკო სოლოღაშვილზე იქ ნაკლები საშიშროება არის. ისინი პროფესიონალები, კარგი არტისტები არიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რისკი ღირდა, რადგან ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება თავიაანთი თავები გამოავლინონ, მეორე შექსპირზე გაიზარდნონ, თუნდაც არ გამოვიდეს შექსპირი. არ გამოვიდეს სპექტაკლი, არ ყავდეს მაყურებელი, მაგრამ შექსპირზე გაზრდა ვფიქრობ სხვა სიმაღლეზე ასვლა არის. ასეთ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ეს უნდა გაგრძელდეს.

შედეგი 

ვთვლი, რომ შედეგი მივიღე. უცნაური, საკამათო და სპექტაკლის არც ისე უინტერესო ვერსია გამოვიდა. თუ თეატრის მმართველის კუთხით მივუდგებით ძალიან მიხარია, რომ 26 იანვრისთვის სპექტაკლზე დასასწრები უკვე არცერთი ბილეთი აღარ არის. გარდა ამისა, საინტერესო შემოთავაზებები მივიღეთ. 2014 წელს ამ სპექტაკლით თეატრი ავენიონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება, რომელიც ყველზე დიდი და საინტერესო თეატრალური ფესტივალია. 

 

მზევინარ ხუციშვილი

 28-12-2012

http://7days.ge/index2.php?newsid=21016

 

Facebook