მაკა ვასაძე

რადგან... რადგან... რადგან...

2012 წლის ბოლო ოთხი თვე თბილისელი თეატრის მოყვარულებისათვის ერთობ ნაყოფიერი გახლდათ. სექტემბრიდან მოყოლებული მაყურებელს მრავალი, უცხოური თუ ქართული, სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა მიეცა რიგით მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

ოქტომბრის ბოლოს კი თბილისს ეწვია მოსკოვის თეატრი Et Cetera  რობერტ სტურუას მიერ დადგმული ორი შედევრით. საგასტროლო რეპერტუარში იყო შექსპირის `ქარიშხალი~ და ტარიკ ნუის `კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად~. 14 დეკემბერს, დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, არაორდინარული, ახლებური, ორიგინალური კონცეფციის სპექტაკლი, შექსპირის `(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი~ წარმოადგინა. ერთი შეხედვით თითქოს პარადოქსია, მაშინ როდესაც, ქვეყანაში სოციო-პოლიტიკური ვითარება ძალიან მძაფრია, უკიდურესად დაძაბულია და, შეიძლება ითქვას, `ბეწვის ძაფზე~ ჰკიდია, შემოქმედებითი აქტივობა მკვეთრად, ხარისხობრივად გაიზარდა. მეორე მხრივ, ვერავითარ პარადოქსს მე ამაში ვერ ვხედავ. კაცობრიობის ისტორიაზე თვალის ერთი გადავლებით აღმოჩნდება, რომ თითქმის ყოველი საუკუნის ბოლო და დასაწყისი, დიდი სოციო-პოლიტიკური ძვრების და, იმავდროულად, ხელოვნების სხვადასხვა დარგში შემოქმედებითი აღზევების, ახალი მიმდინარეობების შექმნის ხანაა. როგორც ამბობენ, ისტორიის ბორბალი ბრუნავს, ყველაფერი წრეზე ტრიალებს, მეორდება, მაგრამ ვითარდება სპირალისებრი წრებრუნვის ხარჯზე...

`ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა~... შექსპირის 66-ე სონეტის პირველი სტრიქონით იწყებს რეჟისორი დავით დოიაშვილი თავის `(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარს~ და 66-ე სონეტითვე ასრულებს. მხოლოდ ფინალში არ ჟღერს შექსპირის ბოლო სტრიქონი: `მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს~. რეჟისორი ტრაგი-ფარსს ტრაგიკულად ასრულებს _ სიტყვებზე: `ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ~ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი გაუსაძლის ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს... შეიძლება ითქვას, რომ შექსპირის ეს სონეტი დავით დოიაშვილის დადგმის კონცეფციაა. წარმოდგენის `ფინალური აკორდი~ (პიესის მსგავსად) კი მაყურებლისადმი ინტელექტუალური პაკის მიმართვაა: `თუკი რამეზე დაგწყვიტეთ გული, თუ ეს გართობა არ იყო სრული და გაგიცრუეთ იმედი მწარედ, მაშინ ეს თხოვნაც მიიღეთ ბარემ: ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო~. შექსპირის შემოქმედებაში `ცხოვრება-თეატრის~, `ცხოვრება-სიზმრის~ პრობლემატიკას დიდი ადგილი ეთმობა. სწორედ ეს წამოსწია წინა პლანზე დავით დოიაშვილმა. სპექტაკლი რეალურის თუ ირეალურის, სიზმრისა თუ ცხადის ზღვარზე მიმდინარეობს... წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი ცნობიერში ამოტივტივდება და დიდხანს გაგყვება მიძინებული კითხვები _ რა არის ცხოვრებაში სიზმრისეული და რა _ რეალური? ცხოვრება თამაშია?
ოთხ საუკუნეზე მეტია შექსპიროლოგები იკვლევენ და კამათობენ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური, ფეერიული, საიდუმლოებებით აღსავსე, სერიოზული, კომიკური, შიგადაშიგ სარკასტული ელემენტებით გაჯერებული `ზაფხულის ღამის სიზმრის~ თაობაზე. პიესას შექსპირის დრამატურგიული მოღვაწეობის პირველ პერიოდს მიაკუთვნებენ. წერის სტილიდან, მანერიდან გამომდინარე დრამატული ნაწარმოების შექმნის თარიღი 1594-1595 წლებს შორის მერყეობს. სიუჟეტის და პერსონაჟთა წყაროებად სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა ავტორები სახელდება: პლუტარქე, ოვიდიუსი, ჯ. ჩოსერი და სხვ. ითვლება, რომ ეს პიესა `რომეო და ჯულიეტას~ გენეტიკურად ენათესავება, ამის მიზეზად კი სახელდება: სიყვარულის თემა, ოჯახებს, გვარებს შორის მტრობა, შუღლი. მხოლოდ, პირველ შემთხვევაში, შექსპირმა ტრაგედია შეთხზა, მეორეში _ ტრაგიკული ელემენტებით გაჯერებული კომედიური ფეერია. მკვლევართა აზრით, დრამატურგმა ამ პიესაში, ხელოვნების ახალი სფერო შექმნა, მიანიჭა რა ფანტასტიკურ არსებებს მძლავრი დრამატული ცხოვრება, რისი მაგალითებიც მანამდე ლიტერატურაში არ არსებობდა.
ორიგინალში პიესის სათაურია “A Mიდსუმმერ Nიგჰტ’ს Dრეამ”, სწორედ აქედან გამომდინარე, დავით დოიაშვილმა სპექტაკლს `(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი~ უწოდა. საბაზისოდ რეჟისორმა `ზაფხულის ღამის სიზმრის~ ვახტანგ ჭელიძისეული თარგმანი აიღო და ადაპტირება ქალბატონ მანანა ანთაძესთან ერთად გააკეთა. ადაპტირების ავტორებმა ტექსტი შეამოკლეს, გადაამონტაჟეს, ფერია-ნიმფები ამოაგდეს, მათი ზოგიერთი ტექსტი პაკის პერსონაჟს გადაულოცეს; როგორც ზევით აღვნიშნე, პიესის პროლოგსა და ეპილოგს, შექსპირის 66-ე სონეტი დაუმატეს და გაათამაშეს. მცირეოდენი რეპლიკები ჩაამატეს, ესეც მაყურებელთან ინტერაქტუალურობის გამო. სპექტაკლი თითქმის სამი საათი გრძელდება, მაგრამ ქმედება იმდენად რიტმული და დინამიკურია, რომ მაყურებელი დროის მდინარებას ვერ გრძნობს და, რაც მთავარია, შექსპირის კომედიად წოდებული პიესა, რეჟისორმა ტრაგი-ფარსად აქცია, უფრო სწორად კი, გროტესკულ ტრაგედიად, კომიკურ-ფარსული ელემენტებით. რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას შექსპირის გენიალური პიესა იძლევა. უდიდესმა დრამატურგმა ამ ნაწარმოებში რთული, არაერთგვაროვანი ადამიანური ურთიერთობები ხატოვნად, რომანტიკულად, თითქოს მსუბუქად, ადამიანთა ფსიქოლოგიის სიღრმისეული ცოდნით გადმოსცა. შექსპიროლოგთა აზრით, იგი კომედიიდან დრამისკენ გარდამავალ პიესათა ტიპს კი განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტების ნათელი გამოსახვით, უკვე ნამდვილ `დრამად~ გვევლინება.
რეჟისორი დავით დოიაშვილი, ამ შემთხვევაში, `(შუა) ზაფხულის ღამის სიზმრის~ სრულუფლებიანი ავტორია _ რეჟისურა, ტექსტის ადაპტაცია (მანანა ანთაძესთან ერთად), სცენოგრაფია მასში ჩართული თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნოლოგიებით, მუსიკალური გაფორმება _ ეს ყველაფერი მას ეკუთვნის. თანამედროვედ სტილიზებული კოსტიუმების შემქმნელი კი ანანო მოსიძე გახლავთ. ფანტასმაგორიული ფეერის შექმნაში რეჟისორს გვერდში ამოუდგნენ: ქორეოგრაფი _ კოტე ფურცელაძე, განათების მხატვარი _ ია ნადირაშვილი, ვიდეოინჟინერი _ მამუკა გაბინაშვილი, ხმის რეჟისორი _ ემზარ ბეგიაშვილი, სტუდია `ზებრა~ (ვიდეოპროექცია), სტუდია `ოპიო~ (ანიმაციური ვიდეო). სპექტაკლში ძირითადად ახალგაზრდა მსახიობები არიან დაკავებული.
ამფითეატრის მსგავს დარბაზში შესვლისას მაყურებელს მუქ ფერში გადაწყვეტილი, მკრთალად განათებული სცენა ხვდება. რეჟისორის ჩანაფიქრით, სცენოგრაფია სადა და მოქნილია. ე. წ. სცენაზე არაფერი ზედმეტი არ არის. სამი რომბებად დაყოფილი მოძრავი კედელი სხვადასხვა ეპიზოდში, სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს _ ხან კედლის, ხან ფიცარნაგის, ხან ლაბირინთის და ხან კი ეკრანისა, რომელზეც პროექტორის მეშვეობით ვიდეოგამოსახულება აისახება. უშუალოდ ეკრანი მხოლოდ მეორე მოქმედებაში არის გამოყენებული. მარჯვენა მხარეს მიკროფონი და მანეკენი-სავარძელი დგას. მისტიური და მოულოდნელი პროლოგი შემოგვთავაზა რეჟისორმა. წარმოდგენის დასაწყისის მაუწყებელიMმესამე ზარის დარეკვის შემდგომ, მარჯვენა მხრიდან შავებში ჩაცმული, მრგვალი შავი მზის სათვალეებით, მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი შემოდის, იღებს მიკროფონს, ჯდება მანეკენ-სავარძელში და შექსპირის 66-ე სონეტის კითხვას იწყებს:
`ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა...
რადგან... უილიამ შექსპირი _ შუა ზაფხულის ღამის სიზმარი...~
შავ კედელზე ვიდეოგამოსახულება ჩნდება: მთვარიანი ღამე, ვირი ყელზე გამობმული თოკით, რომლის ბოლოზე მომხიბვლელი ქალბატონი ხელებით არის დაბმული. გამოსახულებაზე წარწერა გამოიკვეთება: ჭილლიამ შჰაკსესპეარე “A Mიდსუმმერ Nიგჰტ’ს Dრეამ”. შავი კედლის მარცხენა მხრიდან `სცენაზე~ თეზევსი (კახა კინწურაშვილი) შემოდის თოკით ხელში, უხეშად ქაჩავს იპოლიტას (ბუბა გოგორიშვილი) და ამგვარად შემოათრევს სცენაზე სიტყვებით: `ქორწილი, აგერ, კარს მოგვადგა, ჩემო ლამაზო, ოთხი დღე კიდევ და დაგვხედავს ახალი მთვარე...~. მსახიობის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა, ისევე როგროც მოძრაობა, მუქარის ტონის შემცველია. ამ დროს სცენაზე ეგეოსი (დავით ბეშიტაშვილი), ჰერმია (ანა წერეთელი), ლისანდრე (ლევან კახელი) და ელენე (ანა ალექსიშვილი) მანეკენ-სავარძლებში მოთავსებულები შემოსრიალდებიან და სწორ ხაზზე განლაგდებიან. ფილოსტრატე (არჩილ სოლოღაშვილი) მათ წარუდგენს მაყურებლს, ისე, როგორც სატელევიზიო `თოქშოუებშია~ მიღებული. თეზევსი-კინწურაშვილი კი აგრძელებს დესპოტი მამაკცი-მმართველის როლის თამაშს. _ `მე ხომ მახვილით მოგიპოვე; გული გატკინე~... _ სიტყვებზე, იპოლიტას ძირს დაანარცხებს და ზედ დააწვება.
რეჟისორის ჩანაფიქრით, კახა კინწურაშვილის თეზევსი-ობერონი `პატრიარქატის ღირსეული~ წარმომადგენელია, უხეში მამაკაცური საწყისის მატარებელი, რომლისთვისაც არც სიყვარულია უცხო და არც ეჭვიანობა. ბუბა გოგორიშვილის იპოლიტა-ტიტანია თუმცა თვითკმაყოფილი, მაგრამ მაინც ქალია, რომელიც გულუბრყვილოდ იჯერებს მამაკაცის წარმოთქმულ სასიყვარულო-სახოტბო სიტყვებს. არჩილ სოლოღაშვილის ინტერაქტუალური ფილოსტრატე-პაკი _ `შავი ანგელოზი~, `პანი~, ობერონის `ეშმაკუნა~ მსახური _ სპექტაკლის ერთგვარი შემკვრელი და წამყვანია. დავით დოიაშვილმა შექსპირის პიესაში `რეალურ~ და `ირეალურ~ სამყაროში არსებული პროტოტიპი პერსონაჟები _ თეზევსი-ობერონი, იპოლიტა-ტიტანია, ფილოსტრატე-პაკი _ ერთსადაიმავე მსახიობებს განასახიერებინა. პერსონაჟთა კოსტიუმები, ისევე როგორც სცენოგრაფია, დროის ფარგლებს მიღმაა. სადა, ლამაზი, ინტერმედიებში ფერადოვანი კოსტიუმები პერსონაჟთა ხასიათის მიმნიშნებელია. ის, რაც სცენაზე ხდება, ის, რის შესახებაც რეჟისორი გვესაუბრება, ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური პრობლემებია. ქალის და მამაკაცის, ამ ორი საპირისპირო სქესის რთული ფსიქოლოგიური, სულიერი თუ ფიზიკური ჭიდილი, ჭეშმარიტი ფასეულობები და საზოგადოებაში გამეფებული სიცრუე, სიყალბე, უსამართლობა, მრუშობა, გაუტანლობა, მეგობრის ღალატი, უვიცობა, ბოროტება... ეს ის თემებია, რომლებიც დავით დოიაშვილმა და სპექტაკლის შემქმნელებმა წინა პლანზე წამოსწიეს და მაყურებლის სამსჯავროზე გამოიტანეს.
სპექტაკლის სიუჟეტური ხაზი თითქმის უცვლელად მიჰყვება პიესისას, უბრალოდ, რეჟისორმა გააკეთა კუპიურები, ზოგიერთი სცენა გააერთიანა, ზოგი შეამოკლა, პროლოგსა და ეპილოგს, როგორც უკვე აღვნიშნე, 66-ე სონეტი დაუმატა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე შეკრა და ქმედება ისეთ რიტმში მოაქცია, რომ შექსპირის ხუთმოქმედებიანი პიესა დაახლოებით სამ საათში ჩაატია. თანაც იმდენად სანახაობრივია ეს ყველაფერი, რომ მაყურებელი მთლიანად ჩართულია სცენაზე მიმდინარე ქნედებაში. რეჟისორმა თანამედროვე ტექნოლოგიები და მოხმარების საგნები გამოაყენებინა სპექტაკლის გმირებს. მაგალითად, პირველივე ეპიზოდში, როდესაც ლისანდრესა და ჰერმიას ბედი წყდება, ჰერმია სიგარეტს სიგარეტზე აბოლებს (ეგეოსი ყოველ ახალ მოკიდებულ სიგარეტს ართმევს და უქრობს, როგორც ჭეშმარიტი მზრუნველი მამა), ელენესა და ჰერმიას ვიდეოტელეფონით საუბარი, ტელეფონის ჯიხური, შავი როიალი, ფერიების დედოფალი ტიტანია კი ობერონთან `ჩხუბის~ დროს ჰეროინს შეიყნოსავს `ნერვების დასამშვიდებლად~. ამ შტრიხებით რეჟისორი პარალელს ავლებს წარსულსა და აწმყოს შორის, უფრო სწორად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სპექტაკლში მონაწილე პერსონაჟები ყველა დროის წარმომადგენლები არიან.
სპექტაკლის, ისევე როგორც პიესის, ქმედების უმეტესი ნაწილი ობერონისა და ტიტანიას სამფლობელოში, ფერიებისა და ნიმფების მიერ მოჯადოებულ ტყეში, `ირეალურ~ სამყაროში ვითარდება. ამ ტყეში აღმოჩნდებიან შეყვარებული ჰერმია და ლისანდრე, როდესაც ეგეოსის (ჰერმიას მამის) უაზრო, `მამაკაცური ახირების~ გამო მათ სიყვარულს საფრთხე დაემუქრება. ეგეოსის `დაჟინებული~ სურვილია თავისი ერთადერთი ქალიშვილი დემეტრიოსს გააყოლოს ცოლად. რატომ აიჩემა დემეტრიოსი, მგონი, თავად არ იცის, ვინაიდან ლისანდრე არაფრით: არც ოჯახით, არც გვარიშვილობით, არც სიმდიდრით ტოლს არ უდებს ეგეოსის `რჩეულს~. უბრალოდ, მას ასე სურს და მორჩა! ეს მისი უფლებაა, ვინაიდან იმ ქალაქში, პირობითად `ათენში~ (ქალაქის სახელწოდებას არც პიესაში და არც სპექტაკლში განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს მინიჭებული), ვიღაცას ოდესღაც ასეთი კანონები დაუმკვიდრებია, რომლის მიხედვითაც ქალი აბსოლუტურად უუფლებოა. აკი ეუბნება კიდეც თეზევსი ჰერმიას: `ღმერთად უნდა დასახო მამა, მან გაგაჩინა ასე კარგი, ასე ლამაზი, შენ მისთვის სანთლის თოჯინა ხარ, მან გამოგძერწა და მის ხელთაა შენი ბედი: უნდა დაგტოვებს, უნდა _ დაგშლის და გაქცევს ისევ არარაობად~. რაღაც მომენტში თავად თეზევსი შეახეთქებს ამ უაზრო `კოდექსების კრებულს~ კედელს, რაღაც მომენტში კი ფეხითაც ჩაწიხლავს. ჰერმიას ბავშობის მეგობარი, დემეტრიოსზე `გონების დაკარგვამდე~ შეყვარებული ელენე, თავისი ტრფობის სუბიექტს, ჰერმიასა და ლისანდრეს გაქცევის ამბავს ატყობინებს. მშვენივრად იცის ელენემ, რომ დემეტრიოსი ჰერმიას კვალდაკვალ გაჰყვება. თავის ალოგიკურ საქციელს კი უიმედოდ შეყვარებული ადამიანის ლოგიკით ხსნის: ამ შიკრიკობა-მსტოვრობის სანაცვლოდ, დემეტრიოსის სამადლობელ სიტყვებს ელის და თან `ადევნებას~ აპირებს, რათა `ფარული ჭვრეტით~ ჩაიკლას `მასთან ყოფნის ჟინი უშრეტი~. რეჟისორის ჩანაფიქრით, ლევან კახელის ლისანდრე მორიდებული, ქალთან მიმართებაში უინიციატივო, ტიპაჟია. ჰერმიასა და ლისანდრეს სასიყვარულო ურთიერთობაში წამყვანი როლი ანა წერეთლის ჰერმიას აქვს მინიჭებული. დავით დოიაშვილმა აქ ხაზი გაუსვა ქალისა და მამაკაცის თანამედროვე ურთიერთობების მოდელს _ აქტიური ქალი და პასიური მამაკაცი. ლისანდრე მხოლოდ მაშინ ხდება ე. წ. `მაჩო~, როდესაც პაკი შეცდომით ქუთუთოებზე დააპკურებს ყვავილისგან დამზადებულ `სიყვარულის ნექტარს~. სპექტაკლში ლისანდრეს ელენე აღვიძებს. მაგიის ძალით სწორედ მისადმი აენთება ლისანდრეს სიყვარულის ვნებიანი ცეცხლი და დაეუფლება კიდეც ელენეს.
რეჟისორის ჩანაფიქრით უხეში სქესობრივი კავშირი მყარდება ჰერმიასა და დემეტრიოსს შორისაც. შავი კედელი იხსნება და ფიცარნაგზე შავი როიალი შემოგორდება. როიალს დემეტრიოსი უზის და შოპენს ასრულებს. როიალის თავზე ჰერმია მოთავსებულა. დავით დოიაშვილმა ორივე პერსონაჟი `არაფხიზელ~ მდგომარეობაში ჩააყენა. მთელი ამ ეპიზოდის განმავლობაში ისინი სვამენ, `ნარკოტიკულ აბებს~ ყლაპავენ. ე. წ. `გაბრუებული მდგომარეობა~ თითქოს გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩებაში ეხმარებათ. ამავე დროს მაყურებელში `ზიზღის~ გრძნობას იწვევს, ამ `გაბრუებულ~ მდგომარეობაში როიალზე გათამაშებული სქესობრივი კავშირი. ორივე შემთხვევაში ქალები ეწინააღმდეგებიან მამაკაცებს, მაგრამ საბოლოოდ უთმობენ ძლიერ სქესს.
ინტერმედიების უმეტესი ნაწილიც ამ მოჯადოებულ ტყეში თამაშდება. იუმორი, სისხარტე, რაღაც მომენტებში ტრაგიკულობა აისახება დავით დოიაშვილის გადაწყვეტით ე. წ. მსახიობთა ეპიზოდებში. ამასთანავე, რეჟისორმა მათ რეალური სამყაროდან ირეალურში, და პირიქით, გადამყვანთა ფუნქცია დააკისრა. მაგალითად, გავიხსენოთ მსახიობთა გამოჩენის პირველი ეპიზოდი. ლისანდრესა და ჰერმიას `გაპარვას~ დაამთხვია რეჟისორმა ქმედებაში მსახიობების შემოყვანა. თამაშდება ეპიზოდი `ჩემოდნებით~. ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე, სიღრმეში შავი კედელია ნახევარტონებით განათებული, რაც მაყურებელზე ბურუსის შთაბეჭდილებას ახდენს. ჰერმიას და ლისანდრეს ჩემოდნები უჭირავთ ხელში, ამ დროს კედლის გასწვრივ შავ, ხელოსნების სამუშაო კომბინიზონების მსგავს უნიფორმებში გამოწყობილი პერსონაჟები ჩამწკრივდებიან, მათ შორის არის შეყვარებული წყვილიც. რიტმულად, მუსიკის თანხლებით, განმეორების ეფექტით ისინი ერთმანეთს აწვდიან ჩემოდნებს. ლისანდრე და ჰერმია უჩინარდებიან. შავებში გამოწყობილი პერსონაჟები კი მაყურებელს წარუდგენენ საკუთარ თავს: კომშა-დურგალი (ტატო ჩახუნაშვილი), პირამოსისა და თისბეს ტრაგიკული სიყვარულის შესახებ ე. წ. `სპექტაკლის~ რეჟისორი; კოჭა-ხურო (ბადრი ბეგალიშვილი) პირამოსის როლის შემსრულებელი; სტვირა-მესაბერვლე (ალეკო ბეგალიშვილი) თისბეს განასახიერებს; კოხტაპრუწა-ხურო (ნატა ბერეჟიანი) ლომს წარმოაჩენს; კნაჭა-თერძი (გიორგი ტორიაშვილი) მთვარეა; დრუნჩა-თოქმაჩი (გიორგი ბახუტაშვილი) კი კედელს წარმოადგენს. თეზევსისა და იპოლიტას ქორწინების დღისთვის ემზადებიან ხელოსანი-მსახიობები სპექტაკლის გასათამაშებლად. პერსონაჟთა შემსრულებელი მსახიობების თამაში, როგორც უკვე აღვნიშნე, რეჟისორის ჩანაფიქრით კომიკურისა და ტრაგიკულის ზღვარზეა. მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. მთელი სპექტაკლის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებ `შემოქმედებითი წვით~ აღვსილ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ხელოვნება, თეატრი. თავად ქმნიან პიესებს, თავად დგამენ და თამაშობენ. დავით დოიაშვილმა ტრაგიზმის ელემენტისა და მაგიურობის გასამძაფრებლად ერთი შტრიხი დაამატა. გიორგი ბახუტაშვილის დრუნჩა ფიზიკურად უნარშეზღუდულ, დავრდომილის ეტლს მიჯაჭვულ, პერსონაჟად აქცია. მსახიობების მიერ ტყეში რეპეტიციის დაწყებას პაკი ადევნებს თვალს. სწორედ მისი ჯადოსნობით დრუნჩა ფიზიკურად ნორმალურ ადამიანად გარდაიქმნება, ხოლო წარმოდგენის დასრულებისას, ფინალისკენ, როდესაც ხელოსანი-მსახიობები, მექორწილეების წინაშე სპექტაკლს გაითამაშებენ, საცოდავი დრუნჩა, რომელიც რეჟისორის ჩანაფიქრით დრამატურგიც გახლავთ, კვლავ ეტლს მიეჯაჭვება, ირეალურიდან რეალურ სამყაროს უბრუნდება. ხელოსანი მსახიობები ღონეს არ იშურებენ, რომ თეზევსის ქორწინების საზეიმო ნაწილში ღირსეულად წარსდგნენ სასახლის კარის წინაშე, ვინაიდან წარმატება მათი შემოქმედებითი მომავლის გარანტიაა. არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ახალგაზრდა მსახიობებმა რეჟისორის ჩაფიქრებული ინტერმედიების კონცეფციას. მაყურებლის მხრიდან მათ ე. წ. `ჰომერული~ სიცილიც და, იმავდროულად, თანაგრძნობაც დაიმსახურეს. შექსპირის პიესა არის `თეატრი თეატრში~. დავით დოიაშვილის ჩანაფიქრით კი, ეს არის, სპექტაკლი `თეატრში თეატრზე~. თავისი კონცეფციის ნათლად წარმოსაჩენად რეჟისორი მინიმალურ შტრიხებს მიმართავს. მაგალითად, კედელზე ვიდეოპროექტორის მეშვეობით შექსპირის ორიგინალური ტექსტის გაშვება, მანეკენ-სავარძელზე წიგნის მიმაგრება (რომელსაც მაყურებელი შექსპირის ერთ-ერთ ტომად აღიქვამს); კომშა, ე. წ. `სპექტაკლის~ რეჟისორი, რაღაც მომენტში `მსახიობთა~ ვერ დამორჩილებით გაბრაზებული, სიტყვებზე - `ამას მაინც ეცით პატივი~, `უნიფორმაზე~ ელვას გაიხსნის, მაყურებელი კი მის მაისურზე შექსპირის ცნობილ პორტრეტს ხედავს.
შეუძლებელია არ აღინიშნოს სპექტაკლში ელენეს როლის შემსრულებლის ანა ალექსიშვილის წარმატება. ახალგაზრდა მსახიობმა შეძლო თავისი პერსონაჟის სულიერი და ფიზიკური სიღრმეების გადმოცემა, თანაც მსუბუქად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეასხა ხორცი თავის პერსონაჟს. გმირის შინაგან განცდას რამდენიმე გარეგნული შტრიხი მიუმატა. მაგალითად, მისი ხასიათის გამომხატველი, ინტონაციისა და ბგერების შეწყობით, მაღალ რეგისტრებში წარმოთქმული `ჰო~. ეს ის შტრიხია, რომელიც მაყურებელს, წლების შემდგომაც, მუდამ გაახსენდება. აქვე მინდა აღვნიშნო თეზევსის დღესასწაულის გამგებელის და პაკის როლის შემსრულებელი არჩილ სოლაღაშვილის შემოქმედებითი წარმატება. იუმორი, სევდა, ტრაგიზმი ერთდროულად ჩანს მის თამაშში. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, იგი სპექტაკლის მამოძრავებელი ძალაა, მაყურებელთან დიალოგის წარმმართველი, სპექტაკლის ე. წ. `შემკვრელია~.
`(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი~ _ ტრაგი-ფარსი, დავით დოიაშვილმა, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულად დაასრულა. დასრულდა თეზევსის კარზე გამართული წარმოდგენა. ფიცარნაგი იხსნება. აქ `მსახიობებმა~ პირამოსისა და თისბეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია გაითამაშეს, რომელიც პირამოსის თვითმკვლელობით `დაგვირგვინდა~. შავებში გამოწყობილი ფილოსტრატე, შავი სათვალით, საკუთარ მანეკენ-სავარძელში ზის, რომელზეც, სხვა ნივთებთან ერთად, წიგნია მიმაგრებული. ისევე როგორც პროლოგში, ხელში კვლავ მიკროფონი უჭირავს. ფიცარნაგზე, გახსნილი `ორმოს~ წინ ეგეოსია `კანონების წიგნით~ ხელში. დასრულდა ყველაფერი. თეზევსმა _ იპოლიტაზე, ჰერმიამ _ ლისანდრეზე, ელენემ _ დემეტრიოსზე იქორწინეს. ეგეოსი სასოწარკვეთილია. ყველაფერი, რისიც სჯეროდა, გაცამტვერდა, დაიმსხვრა. ამიტომაც, თვითმკვლელობის გარდა, არაფერი დარჩენია. თავის ცხოვრებას კი 66-ე სონეტით ასრულებს: `ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა~. `რადგან~ _ ბანს აძლევს ფილოსტარატე _ `მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება~, `რადგან~ _ `არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა~, `რადგან~ _ `სიცრუე ერთგულების გახდა თვისება~, `რადგან~ _ `უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა~, `რადგან~ _ `მრუშობით შელახულა უმანკოება~, `რადგან~ _ `დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს~, რადგან~ _ `ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ~, `რადგან~ _ `უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს~, `რადგან~ _ უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად~, `რადგან~ _ `სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა~, `რადგან~ _ სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა~. `ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ~.
რადგან, რადგან, რადგან... პერსონაჟი, რომელიც დავით დოიაშვილის სპექტაკლში თავს იკლავს, არ არის მხოლოდ უაზრო ახირების მსხვერპლი ეგეოსი. ეს პერსონაჟი ყოველი ჩვენგანის სულის ყივილია... რადგან... თანამედროვე ყოფაში, ცხოვრებაში იმდენი კითხვის ნიშანი ჩნდება... რადგან... იპოლიტა-ტიტანია არ არის საბოლოოდ დარწმუნებული თეზევსი-ობერონი უყვარს, თუ ვირისყურება კოჭა; რადგან... ჰერმიას, ლისანდრეს, ელენესა და დემეტრიოსსაც ეჭვები ღრღნით. რადგან... თეზევს-ობერონსაც ვერ გაურკვევია, საბოლოოდ რა უნდა... ცხოვრებაზე ე. წ. `ქილიკი~, თუ `ჭეშმარიტი~ სიყვარული. რადგან... ამ ყველაფრის ავან-ჩავანი, ბატონ-პატრონი, წარმმართველი ბოროტი ძალა ფილოსტრატე-პაკია, რომელიც ხან ჯადოქარია, ხან საყვარელი `პანია~, ხან მაყურებელთან კავშირის, დიალოგის დამამყარებელი `სასაცილო~ პერსონაჟია... სინამდვილეში, იქნებ, ადამიანთა `სულთამპყრობელი~ ბოროტი ძალაა???
P.S. მოგეხსენებათ, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს სცენა და დარბაზი არა აქვს. დაახლოებით 20 წლის წინ დაწყებული რემონტი ჯერაც არ დასრულებულა. თავისუფალი საქართველოს ვერცერთმა მთავრობამ სახსრები ვერ გამონახა, ყოველ მათგანს `უფრო მნიშვნელოვანი~ პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი... დავით დოიაშვილმა, ამ რამდენიმე წლის წინ, გამოსავალი მონახა და სცენაც და დარბაზიც თეატრის ფოიეში განათავსა. და, ასე, ფოიეში თამაშობენ დღემდე სპექტაკლებს. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას ქმნის, წინა პლანზე აკუსტიკის პრობლემა დგას. ფოიეში, როცა საუბრობ, ექოსებრი აკუსტიკის გამო, ე. წ. გუგუნის ხმაა. ამიტომაც, მსახიობთა მეტყველების თითქმის 80% პროცენტი `იყლაპება~ და არ ისმის. მითუმეტეს, თუ ამფითეატრის მსგავს მაყურებელთა დარბაზში, გვერდითა ნაწილში მოგიწია ჯდომა, ჩათვალე, რომ პიესა, ტექსტი თუ არ იცი, სპექტაკლი ისე დამთავრდება, რომ ვერაფერს გაიგებ... ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სანახაობა, როგორიცაა `(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი~ კუსტარულად გაკეთებულ დარბაზში თამაშდება.

 

 

 

Facebook