დეა თავბერიძე

აკრძალული თამაშები

 

ედნა მაზია 1949 წელს თელ-ავივში დაიბადა, 1993 წელს კი პიესა „უკანა ეზოს თამაშები“ დაწერა. დრამატურგმა სცენარი 5 წლით ადრე დატრიალებულ ამბავს მიუძღვნა, როცა შვიდი ჩვიდმეტი წლის მოზარდი, ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში, რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა თოთხმეტი წლის გოგონას... ჩვენს შემთხვევაში სპექტაკლს „აკრძალული თამაშები“ ჰქვია, პრემიერა კი წინა ვიქენდზე შედგა...

მე პრემიერამდე ორ რეპეტიციაზე მივედი...

პირველად თეატრში გაორებული გრძნობით წავედი. ერთი მხრივ, მაინტერესებდა მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული ახალი სპექტაკლი, თუ როგორ გადმოიტანდა მანანა ბერიკაშვილი 1988 წელს, კიბუც შომარატში დატრიალებულ ტრაგედიას ქართულ სცენაზე... ხოლო მეორე მხრივ, ძალიან ვღელავდი – მივდიოდი იქ, სადაც სცენაზე ოთხი ადამიანი ჩემს საყვარელ ქალს გაუპატიურებას უპირებდა და თან ხელს ვერაფერში შევუშლიდი...

ანა, დვორი მიხნასის როლს ასრულდება, მაგრად ვინერვიულე, ყველა ეპიზოდს ზომაზე მეტად განვიცდიდი. სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ ასეთი ემოციური კავშირი და თანაგრძნობა, აქამდე არცერთი პერსონაჟის მიმართ არ გამჩენია...

დვორი სულელი გოგოა, ან უბრალოდ, 14 წლის გოგო, ბევრი ერთმანეთში გაუგებრად არეული ფიქრებითა და ოცნებებით. როგორც მაყურებელს, სულ მინდოდა მისთვის დამეყვირა: „აზრე მოდი, გოგო“ და სახლში ჩამეკეტა, თუმცა ეს ისევე არ გამომდიოდა, როგორც დვორი მიხნასის მარტოხელა დედას. პერიოდულად, ალბათ, ვწითლდებოდი კიდეც და დამშვიდებას მხოლოდ მაშინ ვახერხებდი, როცა გაუპატიურების სცენის მონაწილე ახალგაზრდები, რეჟისორის გადაწყვეტილებით, ბრალმდებლად და ადვოკატებად გარდაისახებოდნენ ხოლმე. აქ უკვე სხვა დარდების დრო დგებოდა, ვიჯექი 100 პროცენტით რეალურ სასამართლო დარბაზში, ვიყავი დაზარალებულის წარმომადგენელი, არ მქონდა სიტყვის უფლება და ვერც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მოვახდენდი რაიმე ზეგავლენას...

 

სარეპეტიციო ჩვენება რომ დასრულდა, ერთიანად გაუპატიურებულიც ვიყავი, დამნაშავეც, გასამართლებულიც... და თან აღარაფრის თავიც აღარ მქონდა. არც დეკორაცია მახსოვდა და არც ის, რომ თეატრში ვიყავი. სახლში მიბრუნებულმა ერთი კი ვიფიქრე, ახლავე, ცხელ გულზე დავწერ სტატიას-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა...

გადავწყვიტე მეორე დღეს ისევ მივსულიყავი, დვორის უკვე ნანა ბუთხუზი თამაშობდა... სპექტაკლის ყურება შედარებით დამშვიდებულმა დავიწყე.

მსახიობები ძალიან კარგად მუშაობენ, დეკორაცია მინიმალურია – რკინები, გისოსები და საქანელები. მუსიკაც ძალიან კარგად არის შერჩეული... სპექტაკლი გახურდა და მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეორედ ვუყურებდი, ისევ წინა დღის მსგავსი განცდები წამოვიდა... მნიშვნელობა არა აქვს თქვენი შეყვარებული თამაშობს დვორის თუ სხვისი, შეიძლება საერთოდ არ გყავდეთ გოგო, მაგრამ დვორის პერსონაჟი თქვენდა დაუკითხავად იჭერს თქვენს ემოციებს და თანაგრძნობას. აქამდე ნამდვილ სასამართლოზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს მგონია, რომ წინა კვირას ორ ძალიან რეალურ პროცესს დავესწარი...

სპექტაკლი ბუნებრივია, პირველ რიგში არტია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოძალადეებიდან, ადვოკატებად გარდაქმნის სცენები მას დინამიკას სძენს. იცვლება რაკურსიც და განცდაც, თუმცა ისე, რომ ემოციის მასშტაბი არ იკლებს... მარტო დვორისაც არ თანაუგრძნობ, რაღაც მომენტში შმული კუპერიც გეცოდება, თავიდან ბოლომდე რომ ცდილობს ჩერჩეტი გოგოს დაცვას, თუმცა საბოლოოდ პირველი აუპატიურებს გოგონას... შმულიკის მიმართ სიბრალული მაშინაც გიჩნდება, როცა მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს და მას ყველაზე მეტს – 9 წელს უსჯიან... მერე კიდევ უფრო ბრაზდები: ასაპ სახაროვი ყველაფრის მოთავე იყო, დვორი რეალურად მან დაკერა, თუმცა თავად არ გაუუპატიურებია და დარბაზიდან ათავისუფლებენ... პროცესი მთავრდება და ემოციები შენში ატომებივით ეხეთქებიან ერთმანეთს – თეატრში ადამიანები ძირითადად სწორედ ახალი და ძლიერი ემოციების მისაღებად დადიან...

დღეს, წარმოდგენა არა მაქვს, როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი ამ სპექტაკლს. ტელევიზორიდანაც იმდენი ძალადობა გვესმის, რომ თითქოს რაღაც იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ... უბედნიერესი ვიქნებოდი მსგავსი ემოციები მხოლოდ ხელოვნებისგან მიმეღო ხოლმე, არტი არ გაბოროტებს, უბრალოდ, თანაგრძნობას გასწავლის...

მიდით, ნახეთ და განიცადეთ – თეატრში ჯობია.

Facebook